Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში არ ჩაერთვება

ქართული ოცნება პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად დაწყებულ კონსულტაციებში არ ჩაერთვება.

ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერებმა 14 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი „ამ შემთხვევაშიც შეეცდება, რომ ეს პროცესი .. კინკლაობაში გადაიყვანოს“, რაც „მისი მუდმივი ზრუნვის საგანია“. მისივე თქმით, პრეზიდენტის სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, სამწუხაროდ „არის არასახელმწიფოებრივი“.

„ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები ნაციონალური მოძრაობის ინტერესების წინააღმდეგ, ეს იყო სააკაშვილის საქმეები, რუსთავის 2-ის საქმე, მარგველაშვილი ხდება აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ. ეს ვერ იქნება უბრალო დამთხვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით კი, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდთან საუბარს კინკლაობას უწოდებს, კონსულტაციებს აზრი არ აქვს. „ამიტომ, პრეზიდენტს შეუძლია, რომ თავად გააგრძელოს პროცესი და წარმოადგინოს კანდიდატურა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურები მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები იყვნენ, რაც „გარკვეულ სკეპტიციზმს“ აჩენს. თუმცა, „ჩვენ არ გვინდა, რომ აპრიორი წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ ამ პროცესს, უბრალოდ ჩვენ ჩვენთან საუბრის და ჩვენი ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, – დასძინა მანვე.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად იყო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 13 აგვისტოს განაცხადა. მე რამდენადაც ვიცი, უკვე შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და უმრავლესობის ლიდერმა, დაადასტურა თავისი მზადყოფნა გამართოს ასეთი კონსულტაციები პრეზიდენტთან. ეს კონსულტაციები შედგება, – თქვა მან.

ქართულმა ოცნებამ პოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების 13 აგვისტოს გაკეთებული განცხადებების შემდეგ შეცვალეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა და ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადეს, რომ ისინი რაიმე ტიპის „კინკლაობაში“ ჩართვას არ აპირებენ. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადების თანახმად, გიორგი მარგველაშვილი სასამართლოში „საპასუხისმგებლო თანამდებობებზე რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2 აგვისტოს გახდა, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button