ახალი ამბები

რუსი გენერალი აფხაზეთის არმიის მეთაურად დაინიშნა

კარიერული სამხედრო ოფიცერი, გენერალ-მაიორი ვასილი ლუნევი, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დაინიშნა. მან ამ პოსტზე გენერალი ანატოლი ხრულევი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2015 წლის მაისიდან ეკავა.

განცხადება 2 აგვისტოს, ლუნევის აფხაზეთის ლიდერთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

„იმედი მაქვს, ძალიან მალე შეეწყობით კოლექტივს, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის და აქ განთავსებული რუსული სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ურთიერთქმედების თვალსაზრისით“, – მიმართა ხაჯიმბამ ლუნევს და დასძინა, რომ „ჩვენ განვაგრძობთ სტრატეგიულ და თავდაცვით თანამშრომლობას [რუსეთთან]“.

ცხინვალსა და სოხუმში ჩვეული პრაქტიკაა, როდესაც სამხედრო და უსაფრთხოების პოსტებს რუსეთის მიერ დანიშნული პირები იკავებენ. ცხინვალის გენშტაბის უფროსი, ვიქტორ ფიოდოროვი ასევე რუსეთის მიერაა დანიშნული.

თავის მხრივ, ლუნევმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება „იმ რთულ დროს, რომელშიც გვიწევს მუშაობა“.

„დღეს თავდაცვის მინისტრთან [მერაბ ქიმშარიასთან] შეხვედრაზე, მეზობელ ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო სწავლებები განვიხილეთ და, რა თქმა უნდა, ამ ძალის დემონსტრაციას ჩვენგან შესაბამისი ქმედებები სჭირდება“, – განაცხადა რუსმა გენერალმა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებას „ღირსეულ პარტნიორს“ გულისხმობდა.

გენერალ-მაიორ ვასილი ლუნევს, რომელსაც საქართველოსთან და მის ოკუპირებულ რეგიონებთან კავშირი არ აქვს, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლუნევი საქართველოში შემოჭრილ რუსულ არმიას სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც გენერალი ანატოლი ხრულევი, რომელიც იმ დროს 58-ე არმიის მეთაური იყო, ქართული მხარის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიჭრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button