ახალი ამბები

რუსი გენერალი სეპარატისტულ აფხაზეთში გენშტაბის უფროსად დაინიშნა

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58–ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ანატოლი ხრულევი სეპარატისტული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დაინიშნა.

განცხადება დანიშვნის თაობაზე 18 მაისს აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ გაავრცელა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი ხრულევი, რომელიც იმ დროს 58–ე არმიის მეთაური იყო, დაიჭრა, როდესაც რუსეთის სამხედრო კოლონას, რომელსაც ის ახლდა, ქართულმა ძალებმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ცეცხლი გაუხსნეს.      

„ჩვენი არმია არ არის დიდი, მაგრამ რთული საომარი პერიოდის დროს, სწორედ მაშინ, როდესაც ის ყალიბდებოდა, მან ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი ბრძოლისუნარიანობა. დღეს სხვა დროა და ახალი ამოცანები გვაქვს დასახული, მათ შორის ისინი, რომლებიც რუსეთთან სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას უკავშირდება. თქვენი ცოდნისა და გამოცდილების იმედი გვაქვს“, – მიმართა აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გენერალ ხრულევს.

ამ დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე ხაჯიმბა 15 მაისს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

2014 წლის ნოემბერში მოსკოვმა და სოხუმმა „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის შემდგომ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სხვა საკითხებთან ერთად, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას და  ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას. 

მსგავსი/Related

Back to top button