ახალი ამბები

NDI-ის ანგარიშს პოლიტიკოსები აფასებენ

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშს, რომელშიც დადებით ტენდენციებთან ერთად, საარჩევნო სისტემის კუთხით არსებულ გამოწვევებზეა საუბარი, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანგარიშში დაფიქსირებულ „არასწორ ფაქტობრივ მონაცემებზე“ გაამახვილა ყურადღება, რომელთა წყაროც, მისივე თქმით ქართველი „ე.წ. ექსპერტები“ არიან.

„ამაზე, მე მგონი, პასუხისგება მოუწევს, მათ შორის, NDI-ის წინაშე, იმ ქართულ ორგანიზაციას, თუ რომელიმე ექსპერტს, რომელმაც [ინსტიტუტს] არასწორი ინფორმაცია მიაწოდა“, – თქვა მდინარაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, სრულიად ბუნებრივია, როდესაც უკვე საარჩევნო კონტექსტში NDI-ის მხრიდან სასამართლოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებაზეა საუბარი.

„სიძულვილის ენა, ძალადობრივი ტერმინოლოგია და, ზოგადად, ძალადობრივი კამპანია არის ქართული ოცნების ბრენდი და, რა თქმა უნდა, ამ ბრენდს კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებში, იმიტომ, რომ მას დემოკრატიული გზით არჩევნების მოგების შესაძლებლობა არ გააჩნია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით კი, იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს აქამდე არცერთი რეკომენდაცია გაუთვალისწინებიათ, მმართველი გუნდის მხრიდან NDI-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინების „დიდი იმედი“ არც ამ შემთხვევაში აქვს.

„თუმცა, ეს ყველაფერი მას [ივანიშვილს] არ დაეხმარება და მოუწევს დამარცხების აღიარება“, – თქვა თარხნიშვილმა.

რუსთავისა და გარდაბნის ოლქში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ კი, NDI-ის კვლევის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც მმართველი გუნდის მხრიდან „ადმინისტრაციული რესურსისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად“ გამოყენებაზეა საუბარი.

„ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები არცერთი წამი არ შეეგუებიან იმას, რომ ივანიშვილმა სრულად და საბოლოოდ მოიპაროს და მიიტაცოს ქართული დემოკრატია“, – უთხრა გეგელიამ ჟურნალისტებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button