ახალი ამბები

ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა თანამდებობები დატოვეს

მიმდინარე წლის 15 ივნისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ტარიელ აროშიძემ, ფრაქცია კონსერვატორების თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ და ფრაქცია მწვანეების თავმჯდომარემ გენო ჩავლეშვილმა 25 ივლისს თანამდებობები დატოვეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2018 წლის 15 ივნისს საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო ინციდენტი წარმოიშვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება მოჰყვა. მისი განმარტებით, დასახელებულმა პირებმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულის გამო მიიღეს.

ფრაქციების თავმჯდომარეების გადადგომას ბესიკ ქათამაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით მათ დანაშაული აღიარეს. ექვსი წელია ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე მიდის აშკარა თავდასხმები და ფიზიკური ანგარიშსწორებებიც და დღეს ამ ყველაფრით, დაადასტურა ხელისუფლებამ, რომ ისინი რეალურად ფიზიკურად უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს, – განმარტა ქათამაძემ. მისივე შეფასებით დღეს ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ გამოწვეული თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრს ბესიკ ქათამაძესა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის დაპირისპირება 15 ივნისს მოხდა. ბესიკ ქათამაძე ამბობდა, რომ ის ქართული ოცნების დეპუტატებმა კაბინეტში დაიბარეს და მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის არეში მიყენებული დაზიანების გამო, ბესიკ ქათამაძე საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მომხდარზე ბრალი ამ დრომდე მხოლოდ ერთ პირს, ფრაქცია ქართული ოცნების უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ტარიელ აროშიძეს აქვს წარდგენილი და ის გირაოს სანაცლოდ არის გათავისუფლებული. ტელეკომპანია გურია TV– ის ინფორმაციით, საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 10 აგვისტოს არის ჩანიშნული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button