ახალი ამბები

კობახიძე: მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაგრძელდება

საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს და პროცესი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან 23 ივლისს განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე დღესაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში, ხდება მხოლოდ კაცი კანდიდატების დასახელება და „შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა, იმისათვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში განვითარების პროცესი“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური და „ზეპარტიული“. მისი თქმით, „გასული ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი“, რისი გამეორებაც „ჩვენ, არ გვინდა“. „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში კრიტერიუმი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უპარტიო კანდიდატის შერჩევის მიზანშეწონილობაზე ისაუბრეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, დემოკრატიული პროცესისთვის „უკეთესი იქნება, თუ პარტიული კანდიდატი არ გვეყოლება ამ არჩევნებში“. ეკა ბესელიას თქმით კი, შესაძლებელია გუნდმა „არატრადიციული გზა“ აირჩიოს და კანდიდატი პარტიის რიგებიდან არ დაასახელოს.

საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესზე კომენტარი მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მსჯელობა რამდენიმე „ღირსეულ“ კანდიდატზე მიმდინარეობს, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერით, გამარჯვების შანსი პირველივე ტურში ექნება.

ამ დრომდე, მედიაში ქართული ოცნების სავარაუდო კანდიდატებად პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სახელდებოდა.

საუბარი იყო ყოფილ-პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილზეც, რაზეც 23 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „მას თავად არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში“.

17 ივლისს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა წარადგინა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ. 21 ივლისს კი ევროპულმა საქართველომ, საკუთარ კანდიდატად დეპუტატი დავით ბაქრაძე დაასახელა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button