Placeholder canvas
ახალი ამბები

ახალგორში დაკავებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო


ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, 11 მარტი, 2018. ფოტო: facebook.com/SubariOfficial

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ორმა – ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა – თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება 11 მარტს გვიან საღამოს შეძლო. საოკუპაციო რეჟიმს ამ დრომდე არ გადმოუცია ქუტაშვილთან და პავლიაშვილთან ერთად დაკავებული და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რასაც საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება ორ კვირაზე მეტია მოითხოვს.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან დაკავების შემდეგ მოკლე ხანში გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. ისინი ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებოდნენ, სადაც მათი მშობლები ცხოვრობენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუტაშვილს და პავლიაშვილს დოკუმენტები დღეს გადასცეს, რის შემდეგაც მათ უსაფრთხოდ შეძლეს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. 
გათავისუფლების შემდეგ, ქუტაშვილს და პავლიაშვილს საღამოსვე შეხვდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე. 
შს მინისტრის მოადგილის თანახმად, „გათავისუფლებულ მოქალაქეებს  წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ“. მინისტრებმა – ქეთევან ციხელაშვილმა და სოზარ სუბარმა – იმედი გამოთქვეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაც მალე მოხდება.

მსგავსი/Related

Back to top button