ახალი ამბები

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დასაკითხ პირთა სია დაამტკიცა

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია დაამტკიცა.

სია სხდომაზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ წარადგინა და მას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.

დასაკითხ პირთა შორის არიან მოკლული არასრულწლოვნების მშობლები ზაზა სარალიძე და დავით დადუნაშვილი ადვოკატებთან ერთად, საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია, უკვე დაკავებული მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე, ასევე, საქმეში სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები.

დასაკითხთა სიაში იქნებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე, ასევე გამომძიებლები და საქმის პროკურორები.

საპარლამენტო კომისია ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა ვასაძეს, თბილისის პროკურორს მალხაზ კაპანაძეს, მის მოადგილეს კონსტანტინე სირაძეს, ასევე ექსპერტებსა და სკოლის დირექციასაც დაიბარებს.

სერგი კაპანაძის თქმით, ეს არასრული სიაა და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, დასაკითხ პირთა რაოდენობა გაიზარდოს. მანვე განაცხადა, რომ კომისიას გამოძიების მასალები უკვე გადაეცა და ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ „ინტენსიური“ მუშაობა დაიწყონ. დღეს კომისია ოფიციალურად დატოვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ. კომისიის შემდეგი სხდომა 20 ივნისს ჩაინიშნა.

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია მიმდინარე წლის ექვს ივნისს დაამტკიცა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა, რასაც მამის, ზაზა სარალიძისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button