skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის ხელისუფლება მართლმადიდებლურ ეკლესიაში „არასანქცირებულ“ ვიზიტებს კრძალავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მისადგომებთან, მართლმადიდებლურ სამლოცველოში მისვლისა და წირვის ჩატარების შესახებ სოფლის მოსახლეობის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

აძვი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც, 2014 წელს, ტერიტორიის მახლობლად, რუსეთის FSB-ის ძალებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი აღმართეს, სოფლის სამლოცველო საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა. შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას იქ მისვლის საშუალება აღარ აქვს.

მას შემდეგ, ეს თემა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ხშირად განიხილება, განსაკუთრებით, რელიგიური დღესასწაულების, მათ შორის, 6 მაისის, გიორგობის წინ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლებას 4 მაისს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივები სამლოცველოში მისვლას გეგმავდნენ. ამავე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ  თბილისმა ცხინვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით აცნობა.

„იმავე დღეს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ თბილისს და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა, რომ საქართველოს მოსახლეობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და არასანქცირებული აქციების ჩატარება მიუღებელია“, – ნათქვამია სამსახურის პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების მიზნით, დაგეგმილი ვიზიტისა და 9 მაისის აღლუმის წინ, 5 მაისიდან „საზღვრის დაცვის რეჟიმი“ გაამკაცრეს.

მურატ ჯიოევმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა თბილისთან მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ დაგეგმილი ვიზიტი „შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც განზრახ პროვოკაციული, რომელსაც ვითარების სერიოზულად გაუარესება შეუძლია. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებისა და დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის წინ“.

„მოვუწოდებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ქართული მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების კონტროლზეა პასუხისმგებელი, არასასურველი შედეგების აღსაკვეთად საჭირო ზომები მიიღოს“, – დასძინა ჯიოევმა.

გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ ჯიოევის განცხადებას „ცოტა უცნაურია“ უწოდა. „მინდა ვთქვა, სასულიერო პირები ბავშვებთან და ქალებთან ერთად მივდიოდით, თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, ჩემთვის უცნაურია“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button