ახალი ამბები

ქართველი ჟურნალისტები ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

TV3-ის გადამღები ჯგუფის სამი წარმომადგენელი, რომლებიც 15 აპრილს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ აძვში დააკავეს, ცოტა ხნის წინ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ტელეკომპანია TV3–ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ჩართვის ჯგუფის წარმომადგენელი მიხეილ მიხოევი სოფელ აძვში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს „სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის“ მოტივით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადამღები ჯგუფი „დემონსტრაციულად“ შევიდა „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, რაც, „პროვოკაცია“ იყო. საქართველოს საგარეო უწყებამ კი საპასუხოდ ჟურნალისტების დაკავების გამო პროვოკაციაში რუსული მხარე დაადანაშაულა.

ჟურნალისტების დაკავების თემა ასევე განიხილეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა  და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ  პრაღაში 16 აპრილს გამართულ შეხვედრაზე.

ცხინვალის განცხადებით, მისმა ხელისუფლებამ ქართველი ჟურნალისტები რეგიონიდან გააძევა და საქართველოს ხელისუფლებას ერგნეთის პუნქტთან გადასცა.

„საქართველოს სამი მოქალაქის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული გაძევება, ჯარიმის გადახდის გარეშე. ეს გაკეთდა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კეთილი ნების ნიშნად“, – იტყობინება სააგენტო „რესი“ ადგილობრივი უშიშროების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

TV3–ს გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ სატელეფონო ჩართვაში განუცხადა, რომ ადგილი არ ჰქონია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა საკანში, სადაც დაკავებულებმა ერთი ღამე გაატარეს, „არაადამიანური პირობები“ იყო და მისი თქმით, გარკვეული ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლაც ხორციელდებოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიესალმა ჟურნალისტების გათავისუფლებას, რისთვისაც მისიის განცხადების თანახმად,  მან დაკავების შემდეგ „დაუყოვნებლივ აამოქმედა ცხელი ხაზი და მუდმივ კონტაქტზე იყო ყველა მხარესთან“.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დაკავებები, როგორც ცხინვალი და ადგილზე განთავსებული რუსი სამხედროები აცხადებენ, „საზღვრის დარღვევის“ მოტივით, იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს; ჩვეულებრივ, დაკავებულებს დაჯარიმების შემდეგ ათავისუფლებენ.

"აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ, რაც საშუალებას მიცემს ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნოს მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის ეს მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული საერთო ტრადიციების შესაბამისად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში", – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

 

მსგავსი/Related

Back to top button