ახალი ამბები

ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა პრაღაში

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ოთხშაბათს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა უკვე მეექვსედ იმ ორმხრივი დიალოგის ფორმატში, რომელიც 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 16 აპრილს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომ „პრაღის დიალოგის კონსტრუქციული და ღია ატმოსფერო ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას“ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიული ურთიერთობების პირობებში.      

ზურაბ აბაშიძემ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს მანამდე ორჯერ გადადებული შეხვედრის შემდეგ: „ჩემმა კოლეგამ სავსებით ცალსახად განაცხადა, რომ რუსეთი არანაირად არ აპირებს, რომ რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე [ასოცირების შესახებ შეთანხმების] ამ მოსალოდნელ ხელმოწერასთან დაკავშირებით. ვნახოთ, ივნისი შორს არ არის და ყველაფერი გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში ვიმეორებ, თავისთავად ის განცხადება, ის, რაც მისი ინიციატივით ითქვა, მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა“.  

კარასინმა უთხრა ქართველ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, რომ მართალია ეს დიალოგის დღის წესრიგში არ შედიოდა, მაგრამ ორმა დიპლომატმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.

აბაშიძემ განაცხადა, რომ მისმა რუსმა კოლეგამ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის პოზიცია გააცნო, საპასუხოდ კი თავად საქართველოს „პრინციპული პოზიცია“ დაადასტურა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის ევროპულ არჩევანს“. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა აბაშიძეს და კარასინს შორის 16 აპრილს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომ 2013 წელს რუსეთში ქართული ღვინის, მინერალური წყლების და სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების იმპორტის განახლება პრაღის მოლაპარაკებების „წარმატება“ იყო.

„შეხვედრაზე აღინიშნა შემდგომი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში. ასევე აღინიშნა, რომ ქართველი სპორტსმენების მონაწილეობამ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ხელსაყრელი გავლენა იქონია დიალოგის ატმოსფეროზე“, – განაცახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მან ასევე განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ ორმა დიპლომატმა გაცვალა შეხედულებები „ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი პროექტების პერსპექტივების“ შესახებ.

„ასევე იქნა განხილული [რუსეთსა და საქართველოს შორის] რეგულაური ფრენების განახლების საკითხი. მიღწეულია შეთანხმება, რომ შესაბამისი ორმხრივი კონსულტაციების მომდევნო რაუნდი საავიაციო ხელმძღვანელობებს შორის უახლოეს მომავალში გაიმართოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ „საბაჟო სამსახურების და ასევე სავაჭრო პალატების ხელმძღვანელობებს შორის განახლებული კონტაქტები დადებითად შეფასდა“. 

„ჰუმანიტარული კუთხით აღინიშნა კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური და სხვა ღონისძიებების რაოდენობის ზრდა ორივე ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით. ამას ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი ვიზების გაცემის პრაქტიკის გაფართოებამ. 2013 წელს დაახლოებით 25 000 ვიზა გაიცა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

კარასინმა განუცხადა „რია ნოვოსტის“ მოლაპარაკებების შემდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება „ნაადრევი“ იქნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.

კარასინის და აბაშიძის შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული გადამღები ჯგუფის დაკავების საკითხი. შეხვედრის მომენტში ტელეკომპანია TV3–ის სამწევრიანი გადამღები ჯგუფი კვლავ ცხინვალში ყავდათ დაკავებული, როგორც სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება აცხადებდა, „საზღვრის დარღვევის“ გამო. მანამდე 16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ გადამღები ჯგუფი „დემონსტრაციულად“ შევიდა „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, რაც „პროვოკაცია“ იყო პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ. საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პროვოკაცია სწორედ რუსი სამხედროების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავება იყო. ოთხშაბათს საღამოს ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

აბაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ბარიერების აღმართვის საკითხი. მისი თქმით, მას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

ცოტა ხნის წინ სოფელ აძვის მახლობლად სასაზღვრო აბრა იქნა განთავსებული, რის შედეგადაც ადგილობრივი ქართული მოსახლეობა თავის სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს ვეღარ იყენებს; ამას გარდა, სასაზღვრო აბრის მიღმა მოექცა ასევე მართლმადიდებლური ტაძარი, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს ეკლესიაში წასვლას, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის წინ. ქართულმა სამღვდელოებამ მოუწოდა აბაშიძეს ეს საკითხი კარასინთან შეხვედრაზე დაეყენებინა. აბაშიძემ  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი დაარწმუნეს, რომ ადგილობრივები აღდგომას ეკლესიამდე გადაადგილებას დაუბრკოლებლად შეძლებენ.

მსგავსი/Related

Back to top button