ახალი ამბები

პანკისის ხეობის მცხოვრებლები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

პანკისის ხეობის მოსახლეობას გასული წლის დეკემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დაწყებული გამოძიების დეტალებთან გაცნობა სურს და, ამ მიზნით, მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოითხოვს.

ხეობის უხუცესები და მოსახლეობა დღეს სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლთან შეიკრიბნენ და ჟურნალისტებს საკუთარი პოზიცია გააცნეს.

„ჩვენ გვაინტერესებს, სადამდეა გამოძიება მისული, რა კუთხით მიდის… იყო თუ არა საჭირო ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარება… იყო თუ არა საჭირო ამ ფორმებით, ამ მეთოდებით, მე ვგულისხმობ ღირსების შემლახავ ქმედებებს… იყო თუ არა საჭირო სროლა [თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ]. ჩვენ 100%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იყო საჭირო“, – განაცხადა პანკისის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, მურაზ გოდერძიშვილის განცხადებით, მთავარია, მოსახლეობას მიეწოდოს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია და ხეობაში, მთავარ პროკურორთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

გარდაცვლილი ახალგაზრდის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით კი, მისი მთავარი მოთხოვნაა მისი შვილი „უდანაშაულოდ აღიარონ და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ“, ასევე – „გადადგეს მთელი გომელაურის კლანი, თავის სპეცრაზმით, და მერე მთელი ეს ბანდა წარდგეს სასამართლოს წინაშე“. 

თემირლან მაჩალიკაშვილი ერთ-ერთი იყო საქართველოს იმ ხუთ მოქალაქეს შორის, რომელთა დასაკავებლადაც 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შემდეგ, მაჩალიკაშვილის გარდა, დანარჩენ ოთხ მოქალაქეს, ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის ტერორისტულ საქმიანობაში ფინანსური და სხვა სახის მატერიალური დახმარების აღმოჩენის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 2018 წლის დასაწყისში, სუს-მა ჩატაევის ჯგუფისათვის დახმარების გაწევის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ახმედ ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები, რომლებიც, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ, 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს გაანადგურეს. ჯგუფის ერთი წევრი, ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, 21 ნოემბერს დააკავეს.

მსგავსი/Related

Back to top button