skip to content
ახალი ამბები

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ცხინვალთან სამხედრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 24 იანვარს ახალი სამხედრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც სეპარატისტული რეგიონის სამხედრო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლას უზრუნველყოფს.

შეთანხმებას, რომელიც დუმაში რატიფიცირებაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა წარადგინა, 2017 წლის 31 მარტს მოსკოვში მოეწერა ხელი. ცხინვალის პარლამენტმა მისი რატიფიცირება 2017 წლის 12 ივლისს მოახდინა. შეთანხმების მიზანია ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლების მიერ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ კი სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება.

დოკუმენტი ერთხმად იქნა მიღებული და მას 411 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ 18 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირის საკითხებში რუსეთის სათათბიროს კომიტეტში შეთანხმების შესახებ გამართულ მოსმენაზე ხაზი გაესვა, რომ „შეთანხმების განხორციელება ორი სახელმწიფოს [რუსეთის და სამხრეთ ოსეთის] საერთო თავდაცვითი სივრცის ფორმირების და სამხრეთ ოსეთის შენაერთების სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალების მომზადების და გამოყენების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს“.

შეთანხმება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის წესების შესახებ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის 18 მარტს მოაწერეს ხელი.

მსგავსი/Related

Back to top button