skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს

„ჩვენი მიზანია ისეთი სიტუაციის შექმნა, სადაც სახელმწიფოს მეთაური ნებაყოფლობით გადადგება“, განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირის წევრებმა ორგანიზაციის პირველ პრესკონფერენციაზე 23 იანვარს.

კავშირი იანვრის დასაწყისში ჩამოყალიბდა იმ საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც ქართველი პატიმრის გიორგი ლუკავას ციხიდან გათავისუფლების თაობაზე სოხუმის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას მოყვა.  კავშირის წევრები ასევე არიან ოპოზიციური პარტიები „ამცახარა“ და „ერთიანი აფხაზეთი“, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. 

„ჩვენ გვესმის ამ მოთხოვნის სრული სერიოზულობა. გვესმის, რა მოვლენებთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული. მაგრამ მოვლენები ასე განვითარდა“, – განაცხადა ფონდი „აპრას“ ხელმძღვანელმა და ოკუპირებული რეგიონის პარლამენტის წევრმა, ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მხოლოდ „კანონიერი გზით“ შეეცდება ხაჯიმბას გადაყენებას.

პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერმა, სერგეი შამბამ განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ „პრეზიდენტი კანონის დაცვას ითხოვს, თავად კი არღვევს მას. იმავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან ქვეყნის მასშტაბით და პრეზიდენტის ქმედებებს ამართლებენ. ისინი მთელი ძალით ებღაუჭებიან ძალაუფლებას“.

ოპოზიციის წევრები ლუკავას გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო ხაჯიმბას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საპარლამენტო კომისიამ, რომელიც ლუკავას გათავისუფლების კანონიერების შესწავლის მიზნით შეიქმნა, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიანდო, რომელსაც ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია.

რაულ ხაჯიმბა 16 იანვრის შემდეგ აფხაზეთის რამდენიმე რაიონს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდა და საკუთარი პოზიცია გაიმეორა, რომლის თანახმადაც მას ჰქონდა ლუკავას გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება.

მსგავსი/Related

Back to top button