skip to content
ახალი ამბები

ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა 22 იანვარს ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით კიდევ ერთი პირი თბილისში დააკავა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი, მანამდე დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, თურქეთში ჩავიდა ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

„დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს და სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანატოლი ბერძენიშვილი მეექვსე პირია, რომელიც ახმედ ჩატაევის ჯგუფისათვის დახმარების ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ოთხ პირს წინასწარი პატიმრობა – გასული წლის ბოლოს, ხოლო ერთს – 11 იანვარს შეეფარდა. ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც გასული წლის ბოლოს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს გარდაიცვალა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრი, ახმედ ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები, რომლებიც, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ, 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს გაანადგურეს. ჯგუფის ერთი წევრი, ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, 21 ნოემბერს დააკავეს.

მსგავსი/Related

Back to top button