skip to content
ახალი ამბები

მედიაორგანიზაციები პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მოქმედი 51 მედიაორგანიზაცია პარლამენტს განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს.

მედიაორგანიზაციები პრეზიდენტის მიერ  კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მოუწოდებენ დეპუტატებს, რომ ვეტო „გამოიყენონ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლონ ის საფრთხეები, რასაც მედიაგარემოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქცია უქმნის“.

„ქვეყანაში, სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება ყოველწლიურად არაერთი მილიონით იმატებს…საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი, ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს“, – ნათქვამია მედიაორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

საკითხის განხილვამდე  მედიაორგანიზაციები, რომელთა შორის წამყვან ტელეკომპანიებთან ერთად, რეგიონული ტელე-რადიო მაუწყებლები და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებიც არიან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამეტო უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვენ.

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკვე გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს შეხვდეს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები პარლამენტმა 22 დეკემბერს მიიღო, პრეზიდენტმა კი 15 იანვარს კანონპროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მიღებული კანონპროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტ თავისუფლებას და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობას ანიჭებს. კანონპროექტი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის საგანიც.

მსგავსი/Related

Back to top button