skip to content
ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა

ნატოს სამხედრო კომიტეტმა, ალიანსის უმაღლესმა სამხედრო ორგანომ, 17 იანვარს ბრიუსელში გამართულ სხდომაზე თავდაცვის რეფორმის კუთხით საქართველოს პროგრესი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილა.   

„გენშტაბის უფროსებმა ხაზი გაუსვეს მტკიცე მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მიმართ და აღიარეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, განსაკუთრებით მტკიცე მხარდაჭერის მისიაში “, – აღნიშნა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა სხდომაში, განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო.

ნატოს სამხედრო კომიტეტი წელიწადში სამჯერ იკრიბება გენშტაბის უფროსების დონეზე. ის ნატოს ოპერაციებს და მისიებს განიხილავს და ჩრდილო–ატლანტიკურ საბჭოს კონსენსუსის გზით სამხედრო რჩევებს აძლევს, თუ რომელია უკეთესი გზა ალიანსისთვის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

 

მსგავსი/Related

Back to top button