Placeholder canvas
ახალი ამბები

კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა


სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში, 11 დეკემბერი, 2017. ფოტო: unian.net

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამდღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლა.

11 დეკემბრის სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ 8 დეკემბერს უკრაინის ოპოზიციური პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი დანაშაულებრივი ჯგუფების მხარდაჭერისა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა, სადაც სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. 
შინაპატირობის შეფარდებას პროკურორები სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით ასაბუთებდნენ. მათი განცხადებით, უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით, რუსეთის სპეცსამსახურები სააკაშვილის ლიკვიდაციას შეეცდებოდნენ. ეს ინფორმაცია აბსურდულად მიიჩნია თავად სააკაშვილმა, რომლის ადვოკატებმაც მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლება მოითხოვეს, რაც საბოლოოდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა. 
„რა იყო მთავარი? მთავარი იყო ის, რომ ჩვენ არ დავხარეთ თავები მათ წინაშე, არ შევშინდით, და არ მივეცით შესაძლებლობა, დაეშინებინათ სხვები“, – განაცხადა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებების კომენტირებისას სააკაშვილმა სასამართლოს სხდომის შემდეგ. 
„ისინი ამბობდნენ, რომ აქციებზე ვიღაც ფსბ-ეს დაფინანსებული ქართველები გამოდიოდნენ. დავიჭიროთ სააკაშვილი და მის დასაცავად არავინ გამოვა. მათ მე დამაკავეს და ქუჩაში ორჯერ მეტი ადამიანი გამოვიდა. ისინი არ ითვალისწინებენ მთავარს: მათ შეუძლიათ გვერდზე გამწიონ მეც და სხვებიც, მაგრამ უკრაინელ ხალხს გვერდზე ვერ გასწევენ. ხალხს სურს რეალური ცვლილებები – საკადრო, სასიცოცხლო, საკანონმდებლო ცვლილებები“, – აღნიშნა სააკაშვილმა.  
გათავისუფლების შემდეგ, სააკაშვილმა, მომხრეებთან ერთად, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოვიდა და კვირა დღეს მოქალაქეებს მორიგ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა. 
სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესს უკრაინელი და ქართველი ჟურნალისტები, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები აშუქებდნენ. სასამართლო სხდომაზე ასევე მივიდნენ უკრაინის ვერხოვნა რადას წევრები, მათ შორის, იულია ტიმოშენკო და მუსტაფა ნაიემი, რომლებმაც სასამართლოს, მათი თავდებობით, სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვეს. 
სასამართლოს შენობასთან მთელი დღის განმავლობაში შეკრებილი იყვნენ სააკაშვილის მხარდამჭერები, რომლებმაც სხდომამდე ერთი დღით ადრე კიევის ცენტრში მისი გათავისუფლების და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს.
კიევში მიმდინარე სასამართლო სხდომის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში, უკრაინის საელჩოსთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერები კვლავ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის გარიგებაზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოვიდოდა და „შესაბამის პასუხს“ გასცემდა საქართველოს ხელისუფლებას. 
სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
„არანაირი პოლიტიკური შეთანხმება, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი საქართველოში დაჩქარდეს, უკრაინის მხარესთან არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. „არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთა დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში“, – დასძინა მან.
უკრაინული მედიის თანახმად, პროკურატურას კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მისი გამოცხადებიდან ხუთი დღის ვადაში შეუძლია. პეჩერსკის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების სრულ ტექსტს 14 დეკემბერს გამოაცხადებს. 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button