ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი აირჩია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 1 დეკემბერს, დეპუტატებმა 90 ხმით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ევა გოცირიძე, აირჩიეს.

ათი წლის ვადით არჩეული გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების 2017 წლის ბოლოს ეწურება.

ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენას რამდენიმე დღით ადრე კრიტიკა მოჰყვა.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ევა გოცირიძე, რომლის სახელსაც, მათი თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის საკამათო გადაწყვეტილებები და მოსამართლეთა კრიტიკაზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივა უკავშირდება, არ არის საკმარისად ნეიტრალური და პრინციპული, რომ საკონსტიტუციო მოსამართლის თანამდებობა დაიკავოს.

ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ასევე გოცირიძის პროფესიულ კვალიფიკაციაზეც ამახვილებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ იგი ერთ-ერთი იყო ევროსასამართლოს მოსამართლეობაზე მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, რომელმაც ევროპის საბჭოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს, სრული დამორჩილების და პოლიტიზაციის, მე ვიტყოდი, დეგრადაციის", – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის არჩევის შემდეგ დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელის, დეპუტატ ირაკლი აბესაძის თქმით კი, „ევა გოცირიძის წარდგენა არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური მორჩილების ქვეშ მყოფი ადამიანების საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნა არის ძალიან კომფორტული ქართული ოცნებისთვის“.

საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ცხრა მოსამართლისაგან შედგება, საქართველოს პარლამენტი სამ წევრს ირჩევს. კიდევ სამ-სამ წევრს საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო ნიშნავენ.

მსგავსი/Related

Back to top button