skip to content
ახალი ამბები

თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ 14 ნოემბერს პირველ სხდომა გამართა

ქართული ოცნების უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – გიორგი ახვლედიანი, ხოლო მოადგილეებად – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე აირჩია. საკრებულოს ახალი თავმჯდომარე წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო. ამის შემდეგ, თავმჯდომარის არჩევამდე, სხდომა საკრებულოს უხუცესი წევრი, ფრიდონ ინჯია წარუძღვა. 

სხდომაზე საკრებულოს ცალკეული წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. 

უფლებამოსილება შეუწყდა ქართული ოცნების წევრს, წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის დაქვემდებარებაში მოქმედ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

სხდომაზე, საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიას, რომელიც პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, ევროპული საქართველოდან კი – დავით დარჩიაშვილს და დავით ავალიანს. 

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას – 40, ნაციონალურ მოძრაობას – 5, ევროპულ საქართველოს – 3, ხოლო პატრიოტთა ალიანსს 2 წევრი ჰყავს.

მსგავსი/Related

Back to top button