ახალი ამბები

იზორიამ და მატისმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობის საკითხი განიხილეს


ჯეიმს მატისი და ლევან იზორია, 13 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, 13 ნოემბერს პენტაგონში თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორმა მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს პარტნიორობა განიხილა. მატისი მიესალმა საქართველოს მზადყოფნას, რომ თავდაცვის სფეროში რეფორმები განახორციელოს და გააძლიეროს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები, თავდაცვაზე მშპ-ის 2.2%-ის ოდენობის დაფინანსების გამოყოფით. მატისმა ასევე გამოხატა მადლიერება საქართველოს ერთგულებისა და მზადყოფნისათვის, რომ ავღანეთში, ამერიკულ ძალებთან ერთად, მისიის დასრულებამდე დარჩეს.

„თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ქვეყანა მანამდე დარჩება ავღანეთში, სანამ ბოლო ამერიკელი ჯარისკაცი არ დატოვებს ტერიტორიას, ჩვენი ქვეყნების მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის ძლიერი და ძალიან ღირებული სიგნალია“, – განაცხადა მატისმა და დასძინა, რომ საქართველო, რომელსაც 871 სამხედრო ჰყავს განთავსებული, უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა არამხოლოდ ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი ჯარისკაცების ოდენობით. ამ კუთხით საქართველო „ყველასთვის მაგალითია“, აღნიშნა მატისმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“ და აღნიშნა, რომ ამ პირობას ამყარებს „ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა“.

ლევან იზორიამ მადლობა გადაუხადა ჯეიმს მატისს აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველოს მოსახლეობა და მთავრობა უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას“. მან განაცხადა, რომ საქართველო „რეგიონში დემოკრატიის მოდელია“ და დასძინა, რომ ქვეყანა „ყოველთვის მზადაა იბრძოლოს აშშ-ის გვერდით და ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას მსოფლიოს მასშტაბით“.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გამოყოფილი დახმარება, მათ შორის საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2018 წელს დაიწყება.

ვაშინგტონში ლევან იზორია ასევე შეხვდება მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერს და სენატორ ლინდსი გრემს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button