skip to content
ახალი ამბები

კახა კალაძემ მერის მოადგილეები წარადგინა


კალაძემ მერის მოადგილეები დაასახელა, 13 ნოემბერი, 2017. ფოტო: tbilisi.gov.ge

თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ, დღეს პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მერის ოთხი მოადგილის კანდიდატურები წარადგინა

როგორც მერიაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, რომელიც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. 

მერის ერთ-ერთ მოადგილედ მაია ბითაძე დაინიშნება, რომელიც 2014-2017 წლებში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მერის მოადგილის თანამდებობას ასევე  დაიკავებს ირაკლი ბენდელიანი, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ხელმძღვანელობდა და წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა. 

მერის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის აგვისტოში, კალაძის წინამორბედის, დავით ნარმანიას მერობის დროს დაინიშნა, მანამდე კი – თბილისის მერიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 

კალაძის კიდევ ერთი მოადგილე ენერგეტიკის მოქმედი მინისტრი ილია ელოშვილი იქნება. იგი ამ თანამდებობას დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთავრობო ცვლილებების დასრულების შემდეგ, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანებას ითვალისწინებს. ელოშვილი კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო, წინასაარჩევნო კამპანიაში კალაძის ჩართვის შემდეგ კი, ენერგეტიკის მინისტრი გახდა.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მერის მოადგილეები, რომლებიც ქალაქის მერთან ერთად, დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობაში შედიან, თბილისის საკრებულოს თანხმობით ინიშნებიან. მათ გარდა, თბილისის მთავრობაში მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები, ასევე თბილისის რაიონების გამგებლებიც შედიან, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნასაც ასევე საკრებულოს თანხმობა სჭირდება.

კალაძის განმარტებით, საქალაქო სამსახურების უფროსების კანდიდატურები უახლოეს დღეებში დასახელდება.

მსგავსი/Related

Back to top button