ახალი ამბები

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურს აფასებენ

ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ – გამოაქვეყნა განცხადებები 12 ნოემბერს გამართული მერის არჩევნების მეორე ტურის შესახებ, რომელიც საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. 

„კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა“, – აღნიშნავენ საია-ში.  

„ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა საარჩევნო უბნების 99.7%-ზე“, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები იმ დარღვევებზე და ინციდენტებზეც საუბრობენ, რომლებიც კენჭისყრის დღეს გამოვლინდა. ამ მხრივ, მათი განცხადებების მიხედვით, ძირითადად ოზურგეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები გამოირჩევა. 

„კენჭისყრის დღეს მთელ რიგ უბნებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო უბნების გარეთ სიებით იდგნენ დაუდგენელი პირები (სავარაუდოდ პარტიული კოორდინატორები და აქტივისტები), რომლებიც აღრიცხავდნენ უბნებზე მისულ ამომრჩეველს. ასევე მთელი დღის მანძილზე რიგ საარჩევნო უბნებზე სამარშრუტო ტაქსებით და მანქანებით ხდებოდა ამომრჩევლების მიყვანა“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

„ოზურგეთის ოლქში ტენდენციის სახით ფიქსირდება საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისა და პარტიული კოორდინატორების სიმრავლე, რაც შესაძლოა ამომრჩევლის მხრიდან აღქმული იქნას, როგორც ნების გამოხატვის კონტროლის მცდელობა“, – ვკითხულობთ სამართლიანი არჩევნების განცხადებაში. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები ასევე ხაშურში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებასა და ოზურგეთში, ნასაკირალის საარჩევნო უბანზე მომხდარ არეულობასაც ეხმაურებიან. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხაშურში, ქართული მარშისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. საია ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს.

რაც შეეხება ოზურგეთს, სადაც ნასაკირალის 59-ე უბნის შედეგების მიხედვით, არჩევნებს დამოუკიდებელი კანდიდატი იგებდა, არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ცალკეული დამკირვებლების და მედიის წარმომადგენელთა მცდელობა, ხელი შეეშალათ საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ „ადგილი ჰქონდა სიტუაციის განზრახ არევის და შედეგების უსაფუძვლოდ გაბათილების მცდელობას“.

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, „ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს“. 

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ 12 ნოემბერს ჩატარებული მერის არჩევნების მეორე ტურები ექვსიდან ხუთ  მუნიციპალიტეტში მოიგო. ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა დამაჯერებელი გამარჯვება ბორჯომის, ყაზბეგის, ხაშურის, ქუთაისისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მოიპოვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კი არჩევნები დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.

მსგავსი/Related

Back to top button