skip to content
ახალი ამბები

იზორია ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს, მომდევნო კვირას ვაშინგტონში შეხვდება, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ 7 ნოემბერს.

ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას, იან კელიმ აღნიშნა, რომ მომავალი ვიზიტი აშშ-საქართველოს ურთიერთობების „ძალიან მნიშვნელოვან მომენტში“ იმართება, რომელსაც წინ უძღოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში და რასაც მოყვება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება, რომლის დაწყებაც მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.  

„მინისტრს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს შეხვდეს ვაშინგტონში, დაწყებული კაპიტოლიუმიდან, დამთავრებული თეთრი სახლით და პენტაგონით“, – განაცხადა მან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრის დროს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის „მნიშვნელოვანი ასპექტები“ იქნება განხილული.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდაცვის სფეროში ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე. მინდა ვთქვა, რომ წელს და მომავალ წელს აშშ თავდაცვის რეფორმისთვის დახარჯავს 100 მილიონზე მეტ ამერიკულ დოლარს, რაც ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას ძალიან მაღალ ხარისხში აიყვანს“, – განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია ამერიკის შეერთებულ შტატებს 12-16 ნოემბერს ეწვევა.  

მსგავსი/Related

Back to top button