ახალი ამბები

12 ნოემბერს ექვს მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში – თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში, ასევე მარტვილის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურისა და ყაზბეგის თვითმმართველ თემებში – 12 ნოემბერს მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 328 304 ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა უკვე დაიწყო

ექვსივე მუნიციპალიტეტში, არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ლიდერობენ.
 
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მწვავე კონკურენცია ბორჯომსა და ოზურგეთში იქნება. ბორჯომში ქართული ოცნების კანდიდატმა, ლევან ლიპარტიამ – ხმების 40.35%, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა, ზაზა ჩაჩანიძემ -ხმების 40.15% მიიღო. კანდიდატებს შორის მცირე სხვაობა იყო ოზურგეთშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატმა, ბეგლარ სიორიძემ – ხმების 43.35%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ – 41.86% მიიღო. 

ხაშურის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი ხმების 42.24%-ით ლიდერობს. შემდეგ მოდის დამოუკიდებელი კანდიდატი, რამაზ ნოზაძე, რომელმაც ხმების 18.48% მიიღო.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხმების 44.62%-ით პირველ ადგილზე ქართული ოცნების კანდიდატი, ალექსანდრე ზაგაშვილი, გავიდა. მას დაუპირისპირდება დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატი, სანდრო ყამარაული, რომელმაც პირველ ტურში ხმების 26.85% მიიღო.

ქუთაისსა და მარტვილში, მმართველი პარტიის კანდიდატების – გიორგი ჭიღვარიას (48.66%) და ალექსანდრე გრიგალავას (49.76%) კონკურენტები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე (27.04%) და მამუკა დანელია (35.81%) არიან. თუმცა ამ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებს შორის კონკურენცია ფორმალური ხასიათის იქნება, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა (ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც დაფიქსირდებიან). 

ექვს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი მეორე ტურის პარალელურად, 12 ნოემბერიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებიან საქართველოს დანარჩენი 58 მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერები, რომელთა ვინაობაც არჩევნების პირველივე ტურში გაირკვა. 

რაც შეეხება საკრებულოებს, ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი სხდომა თბილისში 14 ნოემბერს გაიმართება. დანარჩენი მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველ სხდომებს კი ცესკო, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე დანიშნავს.

მსგავსი/Related

Back to top button