skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს, ადვოკატ გიორგი ონიანს, რომელსაც ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პოლიტიკურ დევნა და უკანონო დაკავება ედებოდა. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ონიანმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შსს-ის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის უფროსის მოადგილე იყო, 2011 წლის ოქტომბერში უკანონოდ დააკავა ქართული ოცნების სარეკლამო პროდუქციის დამზადებასა და გავრცელებაში მონაწილე ორი პირი, შემდგომ კი მათ წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინა, რაც ბრალდების მხარის აზრით, „ქართული ოცნების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლას“, ასევე „განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინებას“ ემსახურებოდა. 

სასამართლომ ონიანს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ქართული ოცნების მიერ 2012 წელს მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, მას საბოლოოდ, 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ონიანის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებას „სრულიად უკანონო“ უწოდა, სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გიორგი ონიანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს შეფასებები მოჰყვა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიების მხრიდან.

„გოგა ონიანი დღეს არის დაკავებული იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. გოგა ონიანი, რომ ყოფილიყო თუნდაც კვაზი-ოპოზიციის წევრი, რომ გადასულიყო, პირდაპირ გეუბნებით, ევროპულ საქართველოში, დღეს დაკავებული არ იქნებოდა“, – განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

ონიანისათვის გამოტანილ განაჩენს ევროპული საქართველო სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ ანგარიშსწორება“ და „შურისძიება“ უწოდა.

„ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი… ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გოგა ონიანი განთავისუფლდეს. ამისთვის ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ გაიზარდოს წნეხი“, – განაცხადა ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ.

ონიანის საქმეზე კომენტარი ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამაც გააკეთა.

„გოგა ონიანის საქმის პოლიტიკური მოტივებით მონათვლა არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს ალბათ იმ ძალადობას და ამართლებს იმ ძალადობას, რასაც ადგილი ჰქონდა“, – განაცხადა ბესელიამ.

გოგა ონიანი სამართალდამცველებმა 2014 წელს დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

მსგავსი/Related

Back to top button