skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების გამო „შეშფოთებას“ გამოთქვამენ

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების გამო „შეშფოთებას“ გამოთქვამს და არხზე ხელისუფლებასთან, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.

2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში,  არასამთავრობო ორგანიზაციები „ნეპოტისტურ საკადრო პოლიტიკაზე“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები საზოგადოებრივი მაუწყებლის „საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან“. მათ შორის მოხსენიებულია მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შვილის მიერ დაფუძნებულ ტელეარხ GDS-ზე მთავარი საინფორმაციო გადაცემის გენერალური პროდიუსერი იყო. მანამდე კი, ბიზნესმენის მიერ გახსნილ ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ ხელმძღვანელობდა. 

განცხადებაში საუბარია ასევე სხვა ჟურნალისტებზეც, რომლებიც ტელეკომპანია GDS-ზე მუშაობდნენ და საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკურსოდ  დასაქმდნენ.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ივანიშვილთან დაახლოებული პირების მოსვლის შემდეგ, არხის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ „შერბილდა“. 

განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, „მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამჭვირვალობასა და საჯაროობას… ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს“.

არასამთავროები ასევე საუბრობენ „ბუნდოვან“ კრიტერიუმებზე, რომლებზე დაყრდნობითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი სატელევიზიო გადაცემების შერჩევას ახორციელებს.

განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი იმ ტენდერებსაც ეთმობა, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემისთვის განათების შესყიდვის 346 ათას ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი ივანიშვილთან დაახლოებული გოგა ხაინდრავაა. აღნიშნულ გადაცემას მაკა ცინცაძე წაიყვანს, რომელიც ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის GDS-ის წამყვანი ჟურნალისტი იყო“, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

არასამთავრობოები ასევე ეხმაურებიან აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც იგი მზადყოფნას გამოთქვამს, საზოგადოებრივ მაუწყებელს განათების ტექნიკა უსასყიდლოთ გადასცეს. 

„ბერას განცხადებამ დამატებითი კითხვები გააჩინა, თუ როგორ გადაწყვიტა კომპანიის ხელმძღვანელობამ მფლობელის გვერდის ავლით და მისი თანხმობის გარეშე ტენდერში მონაწილეობა, ასევე რამდენად შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს ძვირადღირებული საჩუქრის მიღება და არსებული მენეჯმენტის ფარგლებში მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება“, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სერიალის გადასაღებად გამოცხადებულ, 484 ათას ლარის ღირებულების ტენდერზეც საუბრობენ, რომელიც გოგა ხაინდრავას კომპანიამ მოიგო. 

„საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების გავლენის გაძლიერება, იწვევს შეშფოთებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის მიუკერძოებლობას და პოლიტიზირების რისკებს აჩენს, რაც ეწინააღმდეგება  საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის იდეას და საფრთხეს უქმნის მედია გარემოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოუწოდებენ პარლამენტს, „დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 3 ნოემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემების თანახმად, განათების ტექნიკის ქირავნობის შესახებ ბერა ივანიშვილის კომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და სატენდერო პროცედურები შეწყვეტილია. 

ხაინდრავას კომპანიასთან კი, რომელმაც სერიალის გადასაღებად გამოცხადებული ტენდერი მოიგო, შესაბამისი ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი/Related

Back to top button