skip to content
ახალი ამბები

კობახიძე საუდის არაბეთის მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარეს შეხვდა


ირაკლი კობახიძე და აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი, 1 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, რომლის ფარგლებშიც ის ქვეყნის ხელმძღვანელობას, მათ შორის თავის კოლეგას, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

1 ნოემბერს ერთობლივ ბრიფინზე გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველოსა და საუდის არაბეთს სტრატეგიული გამოწვევებით აღსავსე რეგიონებში უწევთ არსებობა და ჩვენი ქვეყნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნება და განმტკიცება“.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია საუდის არაბეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მიმართ მეგობრულად განწყობილი, სტრატეგიულად ესოდენ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფართოება და ახალ დონეზე გადაყვანა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „თანამშრომლობის გაღრმავებისათვის არსებობს ბევრად მეტი პოტენციალი“.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კობახიძემ და ალ აშ-შეიხმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის პარლამენტების როლს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საქმეში.

საქართველოს პარლამენტმა განაცხადა, რომ თავმჯდომარეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც განიხილეს, რა დროსაც ალ აშ-შეიხმა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში ალ აშ-შეიხი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, სადაც მხარეებმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს. 

2 ნოემბერს საუდის არაბეთის მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button