ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს


კერსტი კალიულაიდი და გიორგი მარგველაშვილი. ფოტო: president.gov.ge

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, რომელიც 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, შეხვედრები გამართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველოს ასევე სტუმრობენ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კადრი სიმსონი; კულტურის მინისტრი ინდრეკ საარი; პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კალე პალინგი; ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური, რიჰო ტერასი და ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი, ვოლი კალმი.

33 წევრისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია, ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, თოომას ლუმანის ხელმძღვანელობით, ასევე სტუმრობს საქართველოს, სადაც 1 ნოემბერს საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

31 ოქტომბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ესტონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანებისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ. მან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული თავისუფლებების და ღირებულებების გზა, თუმცა დასძინა, რომ „ამის მიღწევა რთულდება იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია“.

ესტონეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს „არ იყო მხოლოდ თავდასხმა ორი ქვეყნის მომავალზე“, არამედ ეს იყო თავდასხმა „ზოგადად, ღირებულებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების არქიტექტურაზე“. პრეზიდენტმა კალიულაიდმა საერთაშორისო თანამეგობრობას იმ ქვეყნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომლებიც რუსული აგრესიის სამიზნეები არიან. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ესტონეთი „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან სერიოზული მხარდამჭერია“, რომელიც, მისი თქმით, „ძალიან ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ოკუპაციის არაღიარების და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებს შეეხება“.

ვიზიტიის ფარგლებში ორმა პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებას ტრადიციულ კავშირებზე საქართველოს და ესტონეთს შორის, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავზე და ხაზს უსვამს ესტონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.   

მარგველაშვილი და კალიულაიდი ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტების მოსამზადებლად კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ესტონელი კოლეგა 2018 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მიიწვია.



კერსტი კალიულაიდი და გიორგი კვირიკაშვილი. ფოტო: gov.ge 

ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იქნა განხილული ესტონეთის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართა.  კვირიკაშვილმა საქართველოში პოზიტიურ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ესტონეთს, როგორც ერთ-ერთ კონტრიბუტორ ქვეყანას, შეუძლია თამამად იყოს იმ წარმატების თანაზიარი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია“.

მხარეებმა ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც იმსჯელეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს.

1 ნოემბერს ესტონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტმა  კალიულაიდმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა კვლავაც აღმოუჩენს საქართველოს აქტიურ დიპლომატიურ მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში; კობახიძემ შეხვედრაზე ესტონეთთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ბოლო დღეს, 2 ნოემბერს, ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრება, შემდეგ კი ქუთაისში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.    

მსგავსი/Related

Back to top button