skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ცხრა ქვეყანაში – შვეიცარიაში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ბელარუსში, კატარში, არგენტინაში, ინდონეზიაში, ეთიოპიაში და სამხრეთ აფრიკაში – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.

მარგველაშვილმა დღეს ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მათ ხედვებს გაეცნო. 

შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ჯალაღანია იქნება, რომელსაც 2008 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ილია გიორგაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 2012-2017 წლებში რუმინეთში იყო ელჩი.

ნორვეგიაში საქართველოს ელჩად  მაია ყიფშიძე დაინიშნა. მანამდე იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლებლის ცენტრის დირექტორი იყო. 

ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია იქნება. 2014-2017 წლებში მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. 

კატარში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ნიკოლოზ რევაზიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

არგენტინაში საქართველოს ელჩად ირაკლი ყურაშვილი დაინიშნა. 2012-2017 წლებში მას შვეიცარიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.

ეთიოპიაში საქართველოს ელჩი  ზურაბ დვალიშვილი იქნება. მანამდე იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 

ინდონეზიაში საქართველოს ელჩად ირაკლი ასაშვილი დაინიშნა, რომელიც 2017 წლის სექტემბრამდე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს გენერალური კონსული იყო.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცდა ბექა დვალი, რომელიც ამ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.

მსგავსი/Related

Back to top button