ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის კანდიდატები ქუთაისისა და მარტვილის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, მეორე ტურში მონაწილეობას აღარ აპირებს. გადაწყვეტილება პარტიამ 23 ოქტომბერს პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო.  

„პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ არ მიიღოს მონაწილეობა ძალდატანებით ჩატარებულ მეორე ტურში… მე ვფიქრობ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, თუ ასეთი არის, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში, და ამით ჩვენ არ მივიღებთ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას მხარი ქუთაისის და მარტვილის მერობის კანდიდატებმა, გრიგოლ ვაშაძემ და მამუკა დანელიამაც დაუჭირეს. 

„იმ მასობრივი გაყალბების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე, რომელიც ამ არჩევნების დროს გამოიყენა ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მეორე ტურში არ ვმონაწილეობთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში ხმათა 27.04% მიიღო.

არჩევნების შედეგების გაყალბებაში ხელისუფლება მარტვილის მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამაც დაადანაშაულა, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 35.81% მიემხრო. „უნდათ შედეგების გაბათილება, რომ ჩემი ხმები მომაკლონ და მისცენ ოცნების კანდიდატს", – აღნიშნა დანელიამ.

მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას არ დაეთანხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელიც პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოეხმაურა

„ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო“, – აღნიშნავს სამადაშვილი და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას „ხელიდან გაშვებულ პოლიტიკურ შესაძლებლობას“ უწოდებს. მისივე თქმით, პარტიას მთელი რესურსი მეორე ტურზე უნდა მიემართა, რათა უკეთ მოეხდინა „გაყალბების ლუსტრაცია“.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნის უფლება არ აქვთ.
 
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, „იმ შემთხვევაში, თუ  რომელიმე კანდიდატი უარს განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი მონაცემები მაინც იქნება ბიულეტენში მოცემული“. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ექვსი ოლქიდან, სადაც მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. ქუთაისის და მარტვილის გარდა, სადაც მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გავიდნენ, მეორე ტური კიდევ ოთხ ოლქში – ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და ყაზბეგში გაიმართება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება.

მსგავსი/Related

Back to top button