skip to content
ახალი ამბები

ბორის ჯონსონი: საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება „გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მთავარი ამბიციაა“


ბორის ჯონსონი და მიხეილ ჯანელიძე ლონდონში, 23 ოქტომბერი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

„როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად“, – განუცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს 23 ოქტომბერს.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ მეგობრობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის და რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვას და უსაფრთხებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი კონტინენტისთვის“, – განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე ისინი ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზეც იმსჯელებენ.

„მოხარული ვარ, რომ ბოლო წელს ბრიტანეთში 25%-ით გაიზარდა ქართული ღვინის იმპორტი და ასევე 25%-ით გაიზარდა ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ეს სწორედ ის გაცვლაა, რის გაძლიერებასაც ვაპირებთ და მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლას პირველივე შესაძლებლობისთანავე“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ჩვენ ამაყი ვართ, ვიდგეთ ბრიტანეთის გვერდით ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. „ჩვენ ვავითარებთ, არა მხოლოდ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, არამედ ჩვენს პარტნიორობას მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენ ველით ბრექსიტის შემდგომ მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნას, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს“.

ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს მთავრობის კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომების „მტკიცე მხარდაჭერისთვის“.

ორმა დიპლომატმა ეს განცხადებები ლონდონში გააკეთა, სადაც საქართველო-გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული დიალოგის – უორდროპის დიალოგის მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს. წელს შეხვედრა საზეიმოდ გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, და გაერთიანებული სამეფოს ევროპისა დ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალან დანკანმა.

„გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობები უჩვეულოდ მაღალ დონეზე იმყოფება. დიალოგი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ განვიხილოთ შემდგომი თანამშრომლობა ვაჭრობის, თავდაცვის სფეროებში და ორმხრივ ღირებულებებზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი ურთიერთობების სიძლიერეს“, – ნათქვამია საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში დიალოგის შესახებ.

ლონდონში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედება ვაჭრობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს მარკ პრიტჩარდს; საგარეო ვაჭრობის  საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გრეგ ჰენდსს;  დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოგლის და ჯგუფის წევრებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის ბრიტანელ კოლეგას, მაიკლ ფალონს შეხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button