ახალი ამბები

მმართველი პარტიის კანდიდატი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებითაც ლიდერობს


თბილისის მერის არჩევნების შედეგები ტელეკომპანია „იმედის“ ეგზით პოლის მიხედვით. ფოტო: კადრი „იმედის“ ეთერიდან

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე, ლიდერობს. 

სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi-ს მიერ ჩატარებული ეგზით პოლის თანახმად, კახა კალაძემ ხმების 53% მიიღო; შემდეგ მოდიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, და დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, რომლებმაც, თანაბრად, 14% მიიღეს, ევროპული საქართველოს კანდიდატს, ელენე ხოშტარიას კი ხმათა 5% ერგო. 

თბილისის მერობის დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია: პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს, ირმა ინაშვილს – 4% აქვს, ახალი საქართველოს კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს – 3%, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს კანდიდატს, კახა კუკავას – 3%, ხოლო ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს, გიორგი გუგავას – 2%.

ეგზით პოლის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ გამარჯვება საკრებულოს არჩევნებშიც მოიპოვა. ქართულ ოცნებას გამოკითხულ ამომრჩეველთა 54%-მა მისცა ხმა. შემდეგ მოდიან ნაციონალური მოძრაობა – 16%-ით, ევროპული საქართველო – 6%-ით, პატრიოტთა ალიანსი – 5%-ით და დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო – 3%-ით.

ეგზით პოლი მხოლოდ თბილისში ჩატარდა. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით თბილისში 6 ათასი ადამიანი გამოიკითხა.

ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზით პოლის შედეგების პრეზენტაცია 20:00 საათისთვის დააანონსა, თუმცა თითქმის სამი საათის დაგვიანებით გამოაქვეყნა, რაც „აჟიოტაჟის“ თავიდან აცილების სურვილით ახსნა.

ეგზით პოლი ტელეკომპანი „რუსთავი 2“-ის დაკვეთითაც ჩატარდა.

მსგავსი/Related

Back to top button