skip to content
ახალი ამბები

თბილისის მერობის კანდიდატებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს

თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც დილის 8 საათიდან დაიწყო, საკუთარი პოზიცია სხვადასხვა პარტიების მიერ წარდგენილმა თბილისის მერობის კანდიდატებმა უკვე დააფიქსირეს. 

საარჩევნო უბანზე პირველი ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, მივიდა.

„მივეცი ხმა იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული…ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის კეთებას,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

საკუთარი არჩევანის თაობაზე კომენტარი ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემაც, გააკეთა.

„მე არჩევანი გავაკეთე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება, ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე… მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

არჩევნებში ასევე მონაწილეობა მიიღო  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა. მან მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და მე მივეცი ხმა ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიუროთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.  

„ცვლილებებს“ დაუჭირა მხარი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მისულმა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.

„სუფთა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს ცვლილება. მე და ჩემმა შვილებმა და ჩემმა ოჯახმა შემოვხაზეთ და მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს. უნდა გადავარჩინოთ ეს ქალაქი და მე მჯერა, რომ ამ საღამოს შევიტყობთ სწორედ ქალაქის გადარჩენის შესახებ ამბავს“, – განაცხადა ელისაშვილმა. 

თბილისში რეგისტრირებულმა 943 423 ამომრჩეველმა არჩევანი მერობის 13 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

მსგავსი/Related

Back to top button