skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე


გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე, 21 ოქტომბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მან სამ სხვადასხვა სუბიექტს მისცა ხმა.

„მოგიწოდებთ ყველას იყოთ ძალიან აქტიურები“, – მიმართა მან მოსახლეობას საარჩევნო უბნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას. „დღეს წყდება ძალიან ბევრი საკითხის ბედი, რაც მნიშვნელოვანია. თვითმმართველობს არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთესს თვითმმართველობაზე, უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა“, – დასძინა მან.

როდესაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს მისი კონკრეტული არჩევანის შესახებ ჰკითხა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მან სამივე ბიულეტენში სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ასევე გააკეთა საკუთარი არჩევანი, განუცხადა საარჩევნო უბნის წინ შეკრებილ  ჟურნალისტებს, რომ მან „უკეთეს თბილისს“ მისცა ხმა.  „მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის მაღალი ეკონომიკურ დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება“.

საკუთარი არჩევანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, ისაუბრა.

„ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი, ჩვენი თბილისი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, მშვიდ გარემოში წარიმართება.  „თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი, თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, ბუნებრივია, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები და ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ გარემოში და  აბსოლუტურად სამართლიან გარემოში. ჩვენი პარტია ამისათვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დილის 8 საათიდან ქვეყნის მასშტაბით 3 644  საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს 3,440,123 მოქალაქე 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს ირჩევს.

მსგავსი/Related

Back to top button