skip to content
ახალი ამბები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა


შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ყიზილაჯლოში თავდასხმის ადგილს ათვალიერებს. ფოტო: facebook.com/miaofgeo/

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 19 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხუთი ადამიანი დაჭრა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოიდაროვი, მარნეულის საკრებულოს მოქმედი წევრი, ასევე ქართული ოცნების სამი მხარდამჭერი არიან. თავდასხმა ღამის 11:00 საათზე მოხდა. ოთხი დაჭრილი ამ დრომდე ადგილობრივ საავადმყოფოში რჩება, ერთი კი გუშინ საღამოსვე გაწერეს.  

ინციდენტიდან მალევე, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს-მ ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები დაიწყო.  

გიორგი მღებრიშვილმა კომენტარი დანაშაულის მოტივის თაობაზეც გააკეთა და საზოგადოებას საქმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. „პოლიტიკური სარჩული, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოვხსნათ ამ თემას. მიუხედევად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

მარნეულში ჯანდაცვის მინისტრიც ჩავიდა და დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ ერთი დაჭრილის კი – საშუალო სიმძიმისაა. მინისტრის თქმით, მათ შესაბამისი ოპერაციები ჩაუტარდათ. 

ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა.

„ვერავითარი პოლიტიზირება ამ საკითხისა ვერ მოხდება მარტო იქედან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს აქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თემის არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ქართული ოცნების ყიზილაჯლოს საარჩევნო შტაბზე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. 

„ეს არის ქართული ოცნების სახე, რომ დღეს საქართველოში ასეთი ფაქტები ხდება… ჭორის დონეზე ვიცით, რომ ეს შესაძლოა იყოს შიდაპარტიული დაპირისპირება“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, მარნეულის მერობის კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა.

„პოლიტიკური [მოტივი] გამორიცხულია. შეიძლება შიდაპარტიული დაპირისპირებაა. ძალიან სერიოზული, საშინელი ფაქტია. ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრისგან და ძალოვანი უწყებებისგან ველოდებით პასუხს – რა მოხდა“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, აზერ სულეიმანოვმა. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები შიდაპარტიულ დაპირისპირებას გამორიცხავენ და მოუწოდებენ საზოგადოებას, დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

დანაშაულის დროულ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.

„ჩვენ გვაქვს არაერთი გახმაურებული საქმე, როგორც საარჩევნო კონტექსტით, ასევე არასაარჩევნო კონტექსტით, რომელზეც გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში, მაგრამ შემდეგ ან დაიხურა კონკრეტული შედეგების გარეშე ან მიმდინარეა, მაგრამ მის შესახებ საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. თუ ეს არჩევნებიც ამ ცუდ ტრადიციას გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ეს დადებითად არ აისახება საარჩევნო გარემოზე“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

„ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პრობლემატური. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება, რადგანაც ეს ყველაფერი, ცხადია, გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე“, – თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი/Related

Back to top button