skip to content
ახალი ამბები

საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა


BUK-ის ტიპის სარაკეტო სისტემა. ფოტო: Openbaar Ministrie

ნიდერლადების ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურმა RTL Nieuws 17 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურმა წლის დასაწყისში საქართველოსგან „ბუკის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გამოითხოვა.

ამავე მედია საშუალების ინფორმაციით, სისტემის გადაცემა 21-22 თებერვალს განხორციელდა, როდესაც ნიდერლანდების მხარის წარმომადგებლები საქართველოში ჩავიდნენ და საჰაერო თავდაცვის სისტემა  Hercules-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავით ნიდერლანდებში ჩაიტანეს, სადაც ბრედას აღმოსავლეთით მდებარე გილზე-რიჯენის სამხედრო საჰაერო ბაზაზე განათავსეს.

RTL Nieuws-მა ასევე აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემას მტკიცებულებად იყენებს ის საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინაში, დონბასის რეგიონში მიმდინარე ომის დროს, 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობს.

ნიდერლანდების პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფი „სხვადასხვა ქვეყნებს დაუკავშირდა, მათ შორის ფინეთს, უკრაინას და საქართველოს. გაეროს უშიშროების საბჭოს 2166-ე რეზოლუციის თანახმად, საქართველომ მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარება აღმოგვიჩინა და 2017 წლის დასაწყისში „ბუკის“ საჰარეო თავდაცვის სისტემა სისხლის სამართლის გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა“.

საქართველოს პროკურატურამ განუცხადა Civil.ge-ს, რომ ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 27 იანვარს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.

პროკურატურამ ასევე განმარტა, რომ „ხსენებული შუამდგომლობით, სხვა მოქმედებებთან ერთად, მოითხოვებოდა ჰოლანდიური მხარისათვის „9M38M1“ ტიპის „BUK“ სისტემის რაკეტის ერთი ეგზემპლარის  მიწოდება“. ამავე ინფორმაციით, „საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2166-ე რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს მხარის მიერ დაკმაყოფილებული იქნა მითითებული შუამდგომლობა და ნიდერლანდების მხარეს გაეწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება“.

მსგავსი/Related

Back to top button