ახალი ამბები

საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, 16 ოქტომბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 15-17 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება, თავის იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა.
 
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რა დროსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლიერება გამოხატა ამ თვალსაზრისით იტალიის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ასევე საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროში, ასევე თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტის ფარგლებში.
 
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
 
„საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს საქართველოში ეუთოს ელჩებს და აღნიშნა, რომ 2008 წლიდან საქართველოს სურს შედგეს ეუთოს ელჩების ვიზიტი, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული ვიზიტი ეუთოს წევრი ერთადერთი სახელმწიფოს მიერ იბლოკება“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
 
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრა იტალიის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან. იგი ასევე ლექციას წაიკითხავს რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯში.
 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო საქმეთა და პოლიტიკური მდივნები – თენგიზ ფხალაძე და ფიქრია ჩიხრაძე.

მსგავსი/Related

Back to top button