ახალი ამბები

წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია

1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია, ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეს-რელიზში, რომელიც 11 ოქტომბერს გავრცელდა.

იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა და რომლის მიზანიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციაა. 2010 წლიდან მოყოლებული სულ 325 ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი, მათგან 126 უკვე იდენტიფიცირებულია, ბოლო 25 ნეშტის ჩათვლით.

„ამჟამად მიმდინარეობს ოჯახების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მათთვის ნეშტების გადაცემისა და ოფიციალური ცერემონიის შესახებ“, – ნათქვამია პრეს-რელზში. 

„ჩვენი მუშაობის ეს კონკრეტული შედეგები გაურკვევლობის ათწლეულების დასრულებას ნიშნავს ასობით ოჯახისთვის საქართველოში, რადგან ისინი საბოლოოდ პასუხს იღებენ საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ“, – აღნიშნა ბილიანა მილოშევიჩმა, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა.  

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის ბოლო რაუნდი 2017 წლის 3 მაისს დაიწყო.

90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მსგავსი/Related

Back to top button