ახალი ამბები

არასაპარლამენტო პარტიები ‘დისკრიმინაციული და არათანაბარი’ წინასაარჩევნო გარემოს გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

ცამეტმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ შეშფოთება გამოხატა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი „არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს“ გამო და მოუწოდებს საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს თავიანთ შეფასებებში გაითვალისწინონ.

10 ოქტომბერს გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში არასაპარლამენტო პარტიებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი,  რომელიც წლების განმავლობაში „ტრადიციულად“ ეთმობოდა ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნების წინ დაიხურა და გაუქმდა მის ეთერში მოქმედი ყველა პოლიტიკური გადაცემა. მათი თქმით,  თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დებატები დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კანჭისყრამდე ორი დღით ადრე.

ოპოზიციურმა პარტიებმა სხვა არხებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“, რომელიც „წარსულში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელეკომპანია“ იყო, „პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა“ და „დღეს შერწყმულია სახელისუფლებო მედია-ჰოლდინგს“.  განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „იმედი“დღეს „ქცეული არის მმართველი პარტიის პრეს-ცენტრის დანამატად“. „არხის სარედაქციო პოლიტიკა, თემებისა და რესპოდენტების შერჩევა – სრულად დამოკიდებულია სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდისტულ ინტერესებზე“, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში. 

არასაპარლამენტო ოპოზიცია პარტიების დაფინანსების საკითხსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ აგვისტრო-სექტემბერის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მთლიანი შემოწირულობების 92% მიიღო.  „ცალკე საკითხია ხელისუფლების აღურიცხავი ფინანსური რესურსი (ე.წ. „შავი ფული“), რომელიც ბევრად აღემატება აუდიტის სამსახურში რეგისტრირებულ მონაცემებს“, – ნათქვამია მიმართვაში.  

ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, ედპ, ევროპელი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ტრადიციონალისტთა კავშირი და ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

მსგავსი/Related

Back to top button