ახალი ამბები

საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს

საქართველო 11 ოქტომბერს ბათუმში პირველად მასპინძლობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM).

ღონისძიების გახსნისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ „სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ,  გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა“. 

მოგვიანებით ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში იზორიამ აღნიშნა, რომ „ეს პლატფორმა იძლევა საუკეთესო საშუალებას იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მტკიცედ იქნეს მხარდაჭერილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას ტირანაში (ალბანეთი). მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. მინისტერიალის წევრები ასევე არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო. მოლდოვა დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

 

მსგავსი/Related

Back to top button