ახალი ამბები

„პანორამა თბილისისთვის“ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხზე ოპოზიციის პროტესტი გრძელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების დაკავებით დასრულდა 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან გამართული აქცია, რომელზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა გააპროტესტეს.

საკრებულოს მიერ 10 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ივანიშვილთან დაკავშირებულ დეველოპერულ პროექტში „პანორამა თბილისში“ ჩართულ კომპანიებს ორი მიწის ნაკვეთი – ოქროყანის დასახლებაში 4 433 კვ.მ. ნაკვეთი 102 000 ლარად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მ. ნაკვეთი კი – 1 ლარად გადაეცა. 

საკრებულოს უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ფრაქციების წინააღმდეგობის და საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე მიიღო. მიწის ნაკვეთების გასხვისებისგან თავის შეკავება თბილისის საკრებულოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც მოუწოდა

სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ სხდომაზე დასწრებას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები შეძლებდნენ, სხვა პირებისთვის კი სხდომა დაიხურებოდა. ამის უზრუნველსაყოფად, საკრებულოს შენობასთან პოლიციელების მობილიზება მოხდა. 

სხდომის დაწყებისას, საკრებულოს ოპოზიციამ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის გადადება მოითხოვა, თუმცა დეპუტატთა უმრავლესობამ საკითხის გადადებას მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს წევრებმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც მიწის ნაკვეთების გადაცემას უკანონოდ მიიჩნევდნენ, ტრიბუნის დაკავებას შეეცადნენ, თუმცა ისინი, დაცვის თანამშრომელთა გამოყენებით, დარბაზიდან გააძევეს. ამის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად სხვა ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატებმაც დატოვეს, გარდა ფრაქცია დედაქალაქის წევრებისა, რომლებმაც კენჭისყრისას ხმა მიწის ნაკვეთების გადაცემის წინააღმდეგ მისცეს.

საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტის წევრები, თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობდნენ, რომლებიც თავისუფლების მოედანზე, მხარდამჭერებთან ერთად, შეიკრიბნენ, თუმცა საკრებულოს შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. 

საკრებულოს შენობაში შესვლა ვერც ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა შეძლეს, რომლებმაც პუშკინის სკვერიდან საკრებულოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

საკრებულოს შენობასთან პოლიციელების მობილიზებას და სხდომაზე პარლამენტის წევრების არშეშვებას სახალხო დამცველმა „კანონის უხეში დარღვევა“ უწოდა

სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლის შედეგად, აქციაზე ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი, თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატები და მხარდამჭერები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 პირის დაკავება დაადასტურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, დაკავებულთა რაოდენობა 14-ს აღწევს. დღის ბოლოს ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებისას, ფიზიკური ძალადობას ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის თორნიკე ბიკაშვილის მიმართ, რომელიც 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს სამგორის რაიონში იყრის. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკრებულოს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს.

„დღეს ამოეფარნენ პოლიციის კორდონებს… აბსოლუტურად უკანონოდ მიიღეს გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ უკანონოს აკეთებენ, აფორმებენ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიწების მიტაცებას, პირდაპირ ხაზი გადაუსვეს კანონს… კანონის ძალით ჩვენ დეპუტატებს გვქონდა უფლება შევსულიყავით, დავსწრებოდით ამ სხდომას“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ. 

„კანონის დარღვევით დახურეს სხდომა… ძალადობრივად მიიღეს დღის წესრიგი, ძალადობრივად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას, რომ თუ მათ, უმრავლესობას სურს, ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შეცვლა შეიძლება 21 ოქტომბერს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, პარტიის წევრებთან ერთად,  სპეციალური განცხადება გააკეთა და 14 ოქტომბერს, თბილისის „დაკარგული“ მიწების დაბრუნების მოთხოვნით „მრავალათასიანი“ აქციაა დააანონსა.

„დღეიდან პუშკინის სკვერი არის ბიძინა ივანიშვილის გარაჟი და ბოტანიკური ბაღი ივანიშვილის ბოსტანი. ეს გააკეთა დღეს თბილისის საკრებულოს ქართულმა ოცნებამ… არავის ეგონოს, რომ ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ბრძოლა. დღეს ვერ მივაღწიეთ შედეგს, ხვალ მივაღწევთ… ოღონდ აუცილებლად მივაღწევთ და ეს ტერიტორია დარჩება თბილისს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხი თბილისის საკრებულომ თავდაპირველად 29 სექტემბერს განიხილა და აღნიშნულ ტერიტორიებს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები 1-2 ოქტომბერსაც გამართეს მას შემდეგ რაც, 29 სექტემბრის სხდომაზე მიწის ნაკვეთების საკითხის განხილვის გადადებას ვერ მიაღწიეს და პოლიციის გამოყენებით საკრებულოს შენობიდან იქნენ გაძევებულნი.

მსგავსი/Related

Back to top button