ახალი ამბები

ლადო ჭანტურია ევროსასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 10 ოქტომბერს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია.
 
ჭანტურია, რომელსაც 2014 წლიდან გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, ევროსასამართლოს მოსამართლედ 9 წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით (120 ხმა 179-დან) აირჩიეს. მისმა კონკურენტებმა, ლალი ფაფიაშვილმა და ოთარ სიჭინავამ კი, შესაბამისად, 54 ხმა და 5 ხმა მიიღეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში PACE-ს გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ჭანტურიამ „თავისი ცოდნით, გამოცდილებით და რეპუტაციით დამსახურებულად მოიპოვა ეს მაღალი სტატუსი“.

ევროსასამართლოს მოსამართლედ არჩევა ლადო ჭანტურიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში „უაღრესად მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ღირსეული ადამიანი წარმოადგენს“. „მჯერა, რომ ბატონი ლადოს მოღვაწეობა სტრასბურგში კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ჭანტურია თავისი უფლებამოსილების განხორციელებას  არჩევიდან არაუგვიანეს სამი თვის შემდეგ დაიწყებს. 

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ  თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.

საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი წინა მოსამართლის, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა, თუმცა გახანგრძლივდა მას შემდეგ, რაც PACE-ს კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი/Related

Back to top button