ახალი ამბები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დასადებად ემზადება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუშაობს იმ შენიშვნებზე, რომლითაც 26 სექტემბერს მიღებული ახალი კონსტიტუციის პროექტს განსახილველად კვლავ საქართველოს პარლამენტს დაუბრუნებს. 

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მარგველაშვილი მოტივირებულ შენიშვნებში ოთხ საკითხს შეიტანს

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიებს ერთჯერადად მიეცეთ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება; გაუქმდეს ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებდა; გარდა ამისა, შენიშვნების თანახმად, პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევა, ნაცვლად დაგეგმილი 2024 წლისა, 2020 წლიდან უნდა მოხდეს. 

მოტივირებულ შენიშვნებში ასევე შევა პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხი. მარგველაშვილი მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები კვლავაც პირდაპირი გზით ჩატარდეს, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხის გადაწყვეტა კი იმ დროისთვის გადაიდოს, როდესაც ქვეყანაში ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნება, რასაც კონსტიტუცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ითვალისწინებს. 

მოტივირებული შენიშვნების ამ ჩამონათვალზე პრეზიდენტი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 4 ოქტომბერს ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეხვდა, 5 ოქტომბერს კი, კონსულტაცია 20-მდე პოლიტიკური პარტიასთან გამართა

ქართული ოცნების წევრების განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს დაუჭერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქ მხოლოდ ორი საკითხი – საარჩევნო ბლოკების დროებით შენარჩუნება და ბონუსის სისტემის გაუქმება შევა. სხვა შემთხვევაში, მმართველი პარტია პრეზიდენტის წინადადებებს არ გაიზიარებს. ბონუსის სისტემასა და საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული ინიციატივის დასამტკიცებლად კი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება გახდება საჭირო, რაც ხანგრძლივ პროცედურას უკავშირდება.

პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნების წარსადგენად ვადა 9 ოქტომბრამდე აქვს. 

მარგველაშვილი მოტივირებული შენიშვნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის  დასკვნის საფუძველზე მიიღებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდება.

მსგავსი/Related

Back to top button