ახალი ამბები

NDI: საქართველოში უმეტესად მშვიდობიანი, თუმცა არაკონკურენტული წინასაარჩევნო გარემოა

საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს „ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან პირობებში“ უახლოვდება, მაგრამ „იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი განხილვები მცირეა“, – ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პირველად მიგნებებში, რომელიც 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

შუალედური ანგარიში 29 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და NDI-ს 15-წევრიანი მისიის შეფასებებს ეყრდნობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 59 საარჩევნო ოლქს ეწვია, 350-ზე მეტი შეხვედრა გამართა მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან და კამპანიის ღონისძიებებს, საარჩევნო კომისიის სხდომებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს დაესწრო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „პოლიტიკური გარემო პლურალიზმით ხასიათდება და ამომრჩევლებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ“. „ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, მისიამ ასევე აღნიშნა, რომ „იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი განხილვები მცირეა“.

ანგარიშის თანახმად, მმართველმა პარტიამ „წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. ქართული ოცნება მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს შეუძლებელს ხდის“. 

მისიამ ასევე ყურადღება მარნეულსა და ხობში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზეც გაამახვილა.

„მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად მშვიდობიან საარჩევნო გარემოს მივესალმებით, ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს,” – ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.
 
„აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა სწრაფად და მიუკერძოებლად დასაჯონ მოძალადეები და ნებისმიერი ტიპის ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინონ“, – აცხადებს NDI.

მისია მომდევნო კვირებშიც განაგრძობს სააჩევნო პროცესზე დაკვირვებას. არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება.

მსგავსი/Related

Back to top button