ახალი ამბები

გენერალურმა აუდიტორმა მოადგილეები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

„ის ფაქტი, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ“, – ნათქვამია ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2 ოქტომბერს მას შემდეგ გავრცელდა, რაც ახალდანიშნულმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა, ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო კიდევ ერთი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობაში რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა ეკავა, პოსტზე დატოვა.

„ამ ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ზედამხედევლობდა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ გენერალურ აუდიტორს, იყოს მიუკერძოებელი თავის საქმიანობაში და არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეჭვს წარმოქმნის მისი პოლიტიკური მოტივაციის და მიკერძოების შესახებ, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს აუდიტის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

2 ოქტომბერს ირაკლი მექვაბიშვილმა ორი ყოფილი ბანკირი, დავით გოგიჩაიშვილი და ეკატერინე ღაზაძე, თავის ახალ მოადგილეებად წარადგინა. „კადრები შეირჩა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციების და მაღალი პროფესიონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე. მათი და მთლიანად კოლექტივის ერთობლივი მუშაობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ნინო ლომჯარია, რომელიც მანამდე სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში აუდიტს ახორციელებს და ასევე მონიტორინგს უწევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას.

მსგავსი/Related

Back to top button