ახალი ამბები

ესტონეთის, ლიტვის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალის რეგიონის ბორდერიზაციის შესახებ

ესტონეთის, ლიტვის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მახლობლად ‘საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის’ აღმართვასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

მათ ეს განცხადებები 17 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთეს.  

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი

„ეს არის ჩვენი განცხადებების, შეხედულებების უგულვებელყოფის მორიგი მაგალითი და ძალიან კარგია, რომ სანქციები მოქმედებს, რომ ისინი არსებობს. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ შევინარჩუნოთ ისინი. ისინი ამის [ბორდერიზაციის] გამო არ შემოუღიათ, მაგრამ მაინც, ამასაც რუსეთის პოლიტიკასთან აქვს კავშირი.

საჭიროა გავაგრძელოთ თანმიმდევრული და კონსოლიდირებული პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ [საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელი შეხვედრის] დღის წესრიგი ამ საკითხს არ მოიცავს, ეს თემა მუდმივი ყურადღების ცენტრშია.

თუ ვარიანტებზე ვსაუბრობთ – ქართული მხრიდან დაძაბულობის ესკალაცია არ იქნება ერთ-ერთი ვარიანტი. საქართველომ უნდა განაგრძოს პასუხისმგებლობით მოქმედება, განაგრძოს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ საკითხზე რაღაც შეიცვალოს, ვინაიდან რუსეთი, როგორც წესი, ცდის ჩვენს სიფხიზლესა და სიმტკიცეს, ცდის, თუ რამდენად შორს შეძლებს წასვლას, არა მხოლოდ ამ გამყოფ ხაზთან მიმართებაში, არამედ ზოგადად მის მიერ წარმოებული პოლიტიკის თვალსაზრისით“.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი

„ჩვენ მკაფიოდ და მტკიცედ უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კითხვებს არ ბადებს და ეს კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი

„ეს არ არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი განხილვის თემა, მაგრამ როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მე შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მიგვაჩნია, რომ გარე აქტორების მიერ განხორციელებული ყველა ის ქმედება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, უმკაცრესი ფორმით უნდა დაიგმოს“.

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი

„ბოლოდროინდელ მოვლენებზე სრული ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ კომენტარის გაკეთება არ მინდა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვგმობთ ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ დარღვევას და ეს არის ის, რაც არ შეცვლილა და არ შეიცვლება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button