skip to content
ახალი ამბებიკონფლიქტის ამბები

რუსეთის შსს ცენტრი ცხინვალში “გადაწყვეტილი საკითხია”

ცხინვალის ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან, 26 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა, განაცხადა, რომ ცხინვალში საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა გადაწყვეტილი საკითხია.

ზუბოვის თქმით, მხოლოდ ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, როგორიცაა შენობის კაპიტალური რემონტი და მისი თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვა. „თანხა უკვე გამოყოფილია და მისი ათვისება წელს უნდა მოხდეს“, – განაცხადა მან.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ცენტრი „იურიდიულად დამოუკიდებელი ორგანო, ფაქტობრივად საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება“ და დასძინა, რომ ცენტრის პირველი ხელმძღვანელი ადგილობრივი მკვიდრი იქნება.

საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის თაობაზე შეთანხმებას იგორ ზუბოვმა და ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელმა ხელი 2016 წლის 4 ივლისს მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ცენტრის მიზანია „ორგანიზებულ დანაშაულთან და დანაშაულების სხვა სახიფათო ფორმებთან ბრძოლა“. ამისათვის, ცენტრი განახორციელებს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის დოკუმენტირებას, ანალიზს და გაცვლას, ასევე განახორციელებს „პირთა სახელმწიფოთაშორის ძებნას და ექსტრადირებას“, დაეხმარება „საჭირო კოორდინირებული საქმიანობების განხორციელებაში დანაშაულების იმ სახიფათო ფორმებთან საბრძოლველად, რომლებიც რესპუბლიკის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან“.

შეთანხმების დანართის თანახმად, „ცენტრის საქმიანობების დაფინანსება ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მიერ მისი შენახვისთვის გამოყოფილი სახსრებიდან“.

რუსეთმა ანალოგიურ შეთანხმებას სოხუმთან 2017 წლის 18 მაისს მოაწერა ხელი, რასაც რეგიონში უთანხმოება მოყვა, თუმცა, ცხინვალში საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს უფრო ფართო უფლებამოსილებები ექნება, ვიდრე სოხუმში.

ცხინვალის შემთხვევაში, ცენტრის წარმომადგენლებს ცეცხლსასროლი იარაღის „შენახვის, ტარების და გამოყენების“ უფლება ექნებათ. ამას გარდა, თუ ცენტრის წარმომადგენლები ამ იარაღს რეგიონში გამოიყენებენ, „ამგვარი ფაქტების და მათი შედეგების სამართლებრივი შეფასება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცენტრის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდება“.  ამას გარდა, ცენტრის წარმომადგენლებს რეგიონში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების უფლება ექნებათ.

სოხუმისგან განსხვავებით, სადაც ცენტრის თანამშრომლების რაოდენობა 20-მდეა შეზღუდული, ცხინვალის ცენტრთან დაკავშირებით ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს. ამას გარდა, ცხინვალის შემთხვევაში, ოფიციალურად დადგენილია, რომ ცენტრის სამუშაო ენა რუსული იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button