ქართველი ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

დაახლოებით 50-მა ჟურნალისტმა 19 ივნისს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა, სადაც მთავრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ითხოვა, რათა „ამ საკითხზე მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია“.

წერილში ჟურნალისტები გმობენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის თბილისიდან „გატაცებას“ და აცხადებენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების სავარაუდო მონაწილეობა „არა მარტო დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში“.

„ევროპარლამენტარები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ეს ფაქტი“, – ნათქვამია წერილში. „გამოძიება კი ჭიანურდება“.

„უფრო მეტიც, აფგან მუხტარლის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არის გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალები, ხოლო გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალები დაზიანებულია“, – განაცხადეს ჟურნალისტებმა, რომელთაც მხედველობაში ჰქონდათ ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი (OCCRP), რომელმაც აღნიშნა 14 ივნისს, რომ მუხთარლის გადაადგილების მარშრუტზე მდებარე კერძო ბიზნეს ობიექტის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი დაზიანებულია.      

ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ „დღემდე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე“.

„ჩვენ, ვითხოვთ აფგან მუხტარლის საქმის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას. გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალის გასაჯაროებას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი/Related

Back to top button