მთავარი / დაუჯგუფებელი / პროკურატურამ რეპერების დაკავებისას პოლიციის შესაძლო კანონდარღვევებზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ რეპერების დაკავებისას პოლიციის შესაძლო კანონდარღვევებზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ რეპჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე გამოძიება დაიწყო.

28 წლის რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი და 21 წლის გიორგი ქებურია პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა, თუმცა დაკავებული ბრალდებებს უარყოფს და აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ვიდეო კლიპის საპასუხოდ ჩაუდო, სადაც პოლიციაა გაშარჟებული.

11 ივნისს პროკურატურამ განაცხადა, რომ მგალობლიშვილის და ქებურიას გამოკითხვის საფუძველზე უწყებამ გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რეპერებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა.

„საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, მგალობლიშვილის და ქებურიას საქმეები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

About wpadmin